Sunday 3 December 2017

რეპრესირებულის განცხადება

   შსს-ს არქივი უამრავი უდანაშაულოდ გადასახლებული ადამიანის ტრაგიკულ ისტორიას ინახავს. ესეც ერთი ტიპური შემთხვევაა:

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის მდივანს
ქ. გორის რაიონის სოფ. დიცის მცხოვრებ
ნადია ბესარიონის ასულ რაზმაძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

     ვიყავი გორის რაიონის სოფ. დიცის მცხოვრები, იქ გაზრდილი და დაბადებული. მშობლები ადრე დამეხოცა. შემდეგ ჩემი მშობლების ადგილ-მამულზე შევირთე ქმარი, რომელიც მახლობელი სოფლიდან იყო. მასთან შემეძნა სამი ბავშვი. მეც და ქმარიც ვშრომობდით ენერგიულად და თავდადებულად.
    სამამულო ომის დაწყებიდანვე იგი ჯარში გაიწვიეს. ერთი წლის შემდეგ მივიღე მისი დაღუპვის დეპეშა. მერე კიდევ უფრო ენერგიულად მოვკიდე ხელი შრომას, რომ ბავშვები მაინც დამეზარდა. კოლმეურნეობაში არასოდეს ცუდათ არ ვყოფილვარ შემჩნეული.
დეპეშის მიღების 7 თვის შემდეგ 1942 წლის ნოემბერში სრულიად მოულოდნელად სამივე ბავშვით გადამასახლეს 5 წლით, იმ მიზეზით, რომ ქმარი ჩემი სამშობლოს მოღალატე არისო. მე მასთან მისი ჯარში გაწვევის შემდეგ არავითარი კავშირი აღარა მქონია, წერილები არ მომდიოდა.  თუკი იგი ნამდვილად იყო სამშობლოს მოღალატე, იგი ღირსი იყო უდიდესი ტანჯვისა და პასუხის გებისა. იგი ღირსი იყო ყოველგვარი სასჯელისა, მაგრამ მე კი დავიტანჯე ჩემი სამივე ბავშვით. გადასახლებული ვიყავი კაზახისტანში - კლერუკის რაიონში, სოფელ კრასნოდოლისკში. გავატარე აქ ეს დრო და დავბრუნდი სამშობლოში 1947 წლის დეკემბერში. აქ ჩამოსვლამდე თავისუფლების საბუთები დავკარგე გზაში. კოლმეურნეობა კი მთხოვს საბუთს და არ მიბრუნებენ ჩემს ბაღ-ვენახებს და ძროხას. განვიცდი ძლიერ ეკონომიკურ გაჭირვებას. ბავშების შიმშლს და სიტიტვლეს. ამიტომ გთხოვთ უმორჩილესად, განიხილოთ ჩემი საქმე და მომცეთ სათანადო პასუხი, სასჯელის შემდეგ მეკუთვის თუ არა მივიღო ჩამორთმეული ჩემი უძრავი ქონება. ანდა რა საშუალებას მივმართო, რით გავზარდო სამი მცირეწლოვანი ბავშვი.

განმცხადებელი: ნ. რაზმაძე

(ფონდი #6, საარქივო #43491, ყუთი #104) 

No comments:

Post a Comment