Saturday 16 June 2018

სულისკვეთება უცხო მხარეში


დავბერებულვარ უდროვოდ,
ბედისგან განაწირია,
სადაც კი თვალი გასწვდება
ყველგან ომი და ჭირია.
ბევრი მინახავს მე ტანჯვა
და ბევრი გასაჭირია,
ვაჟკაცს ცრემლები შეარცხვენს
უცრემლოდ დამიტირია.
დაუკარ ტკბილო ჩონგურო,
დარდის გაქრობა გვჭირია,
ათასში ერთი დავრჩებით
ხედავ ტიფი და ჭირია.

ჩემს გვერდით კვნესის ქართველნი,
ჩემსავით დაჩაგრულია,
ჩვენი საწოლი ლოგინი
ცრემლებით დანამულია.
შევცქერით ლაგერის ღობეს,
მავთულით დახლართულია,
დავჯდები ლექსებს დავწერავ,
რომ არა მყოფნის პურია.
დედი, მახსოვხარ ძილშიდაც,
შენი დანახვა მწყურია,
ბევრი რამე მაქვს სათქმელი,
ლამის ამომხდეს სულია.
ოთხი წელია, მენატვრის
მე შენთან საუბარია,
ვიცი, რომ შენი ლოგინი
ცრემლებით დანამულია.
ვიცი, რომ შენი ვალოდა
ძილშიდაც მოგიგონია,
დაგიკვნესია მწარედა,
ცრემლებიც წამოგდენია.
შავსა თალხებში მოსილი,
სურათს დახედავ ხშირადა.
ოთხი წლის წინეთ, დედაო,
რომ გყოლებივარ შვილადა.
მაგრამ რა ვუყოთ, ასეთი
ჩემი ყოფილა ბედია
ბევრი დავმარხეთ ტყვეები
ქართველნი, ჩვენი ძმებია.
სატრფოს მოსწყდება ცრემლები,
დედა დაიწყებს ტირილსა,
ჩვენ სამარეში ვიქნებით
და ვერა ვნახავთ თბილისსა.
მშვიდობით საქართველოი,
ქედებო ხავერდისაო,
მშვიდობით, ტკბილო ოჯახო,
მომავალ ცხოვრებისაო.
როცა დილის მზე ამოვა,
აციმციმდება ცაზედა.
როცა სინესტე მცენარეს
მძივისებრ აკრავ ტანზედა, -
მაშინ მითხარით შენდობა,
სწორნო, საფლავის კარზედა.
მეტს ვეღარ გეტყვი, დედაო,
ცრემლი მერევა თვალშია,
გულ-მკერდს მტრის ტყვია გამინგრევს,
სიკვდილიც მომავალშია.
ამა ლექსისა მათქომი,
ციხეს მარტოკა ზისაო,
კობიაშვილი ვალოდა,
თვალთაგან ცრემლი სდისაო.

სახსოვრად შალვა ჩადუნელს.
ვალოდია კობიაშვილისაგან. გერმანია – ქალ. შტრანსი
29. 5. 43 წ.  /ჩასწერა ნოყიერმა/ 3. 6. 43

(ფონდი #6, საარქივო # 45366, ტ. #2, ჩადუნელი  შ. გ.)

.  

No comments:

Post a Comment