Sunday 3 December 2017

რეპრესირებულის განცხადება

   შსს-ს არქივი უამრავი უდანაშაულოდ გადასახლებული ადამიანის ტრაგიკულ ისტორიას ინახავს. ესეც ერთი ტიპური შემთხვევაა:

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის მდივანს
ქ. გორის რაიონის სოფ. დიცის მცხოვრებ
ნადია ბესარიონის ასულ რაზმაძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

     ვიყავი გორის რაიონის სოფ. დიცის მცხოვრები, იქ გაზრდილი და დაბადებული. მშობლები ადრე დამეხოცა. შემდეგ ჩემი მშობლების ადგილ-მამულზე შევირთე ქმარი, რომელიც მახლობელი სოფლიდან იყო. მასთან შემეძნა სამი ბავშვი. მეც და ქმარიც ვშრომობდით ენერგიულად და თავდადებულად.
    სამამულო ომის დაწყებიდანვე იგი ჯარში გაიწვიეს. ერთი წლის შემდეგ მივიღე მისი დაღუპვის დეპეშა. მერე კიდევ უფრო ენერგიულად მოვკიდე ხელი შრომას, რომ ბავშვები მაინც დამეზარდა. კოლმეურნეობაში არასოდეს ცუდათ არ ვყოფილვარ შემჩნეული.
დეპეშის მიღების 7 თვის შემდეგ 1942 წლის ნოემბერში სრულიად მოულოდნელად სამივე ბავშვით გადამასახლეს 5 წლით, იმ მიზეზით, რომ ქმარი ჩემი სამშობლოს მოღალატე არისო. მე მასთან მისი ჯარში გაწვევის შემდეგ არავითარი კავშირი აღარა მქონია, წერილები არ მომდიოდა.  თუკი იგი ნამდვილად იყო სამშობლოს მოღალატე, იგი ღირსი იყო უდიდესი ტანჯვისა და პასუხის გებისა. იგი ღირსი იყო ყოველგვარი სასჯელისა, მაგრამ მე კი დავიტანჯე ჩემი სამივე ბავშვით. გადასახლებული ვიყავი კაზახისტანში - კლერუკის რაიონში, სოფელ კრასნოდოლისკში. გავატარე აქ ეს დრო და დავბრუნდი სამშობლოში 1947 წლის დეკემბერში. აქ ჩამოსვლამდე თავისუფლების საბუთები დავკარგე გზაში. კოლმეურნეობა კი მთხოვს საბუთს და არ მიბრუნებენ ჩემს ბაღ-ვენახებს და ძროხას. განვიცდი ძლიერ ეკონომიკურ გაჭირვებას. ბავშების შიმშლს და სიტიტვლეს. ამიტომ გთხოვთ უმორჩილესად, განიხილოთ ჩემი საქმე და მომცეთ სათანადო პასუხი, სასჯელის შემდეგ მეკუთვის თუ არა მივიღო ჩამორთმეული ჩემი უძრავი ქონება. ანდა რა საშუალებას მივმართო, რით გავზარდო სამი მცირეწლოვანი ბავშვი.

განმცხადებელი: ნ. რაზმაძე

(ფონდი #6, საარქივო #43491, ყუთი #104) 

სამეცნიერო მივლინება რომის „გათავისუფლების ისტორიულ მუზეუმში“




      2017 წლის 11-18 ნოემბერს პროექტის - „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა. 1941-1956“ - ხელმძღვანელი მაკა ელბაქიძე და ძირითადი შემსრულებელი მანანა შამილიშვილი იმყოფებოდნენ რომში სამეცნიერო მივლინებით, სადაც მათ მოიძიეს და ჩამოიტანეს შესაბამისი მასალა. აღნიშნული „გათავისუფლების ისტორიული მუზეუმი“ (Il Museo storico della Liberatione) დღეს ისტორიულ შენობაშია (ვია ტასო N 145-155). რომის ოკუპაციის შემდგომ აქ განთავსდა გესტაპო (Sichereitdienst), რომელსაც სათავეში ედგა პოდპოლკოვნიკი ჰერბერტ კაპლერი. ამ კედლებში ხორციელდებოდა არაკეთილსაიმედოთა დაკითხვა, წამება და დატუსაღება. დაახლოებით ორი ათასმა ადამიანმა - რომის მოქალაქეებმა, პარტიზანებმა, ჯარისკაცებმა - იწვნია საკუთარ თავზე ნაცისტური რეჟიმის მძიმე ხელი. 1955 წლის 4 ივნისს ამ შენობაში გაიხსნა მუზეუმი. აქ წარმოდგენილია ექსპოზიცია - უამრავი საარქივო დოკუმენტი, პლაკატი, ფოტოსურათი თუ რუკა - რომელშიც დოკუმენტურადაა ასახული ნაცისტური ოკუპაციის მძიმე შედეგები. მუზეუმის არქივში დაცულია იატაკქვეშა პრესა, პოსტერები, პროკლამაციები. ბიბლიოთეკაში ინახება ათასობით წიგნი, დალაგებული თემატურად: ფაშიზმი, ნაციზმი, ანტიფაშიზმი, წინააღმდეგობის მოძრაობა იტალიასა და ევროპაში, ანტისემიტიზმი, დეპორტაცია, ინტერნირება, მოგონებები ნაცისტური ოკუპაციის შესახებ, ასევე პროპაგანდისტული ბუკლეტებისა და პროკლამაციების შემცველი იშვიათი გამოცემები. საგანგებო ოთახები ეთმობა ანტისემიტიზმის მსხვერპლთ (დოკუმენტური მასალა ასახავს მათი არაადამიანური წამებისა და ფიზიკური განადგურების არაერთ ფაქტს). 











შუალედური შედეგების წარდგენა რომში


   2017 წლის 14-17 ნოემბერს პროექტის - „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა. 1941-1956“ - შუალედური შედეგები წარადგინა მანანა შამილიშვილმა რომში მოხსენებით: „მეორე მსოფლიო ომი და საბჭოური ინტელექტუალური ტერორის ქართული პარადიგმები“. სამეცნიერო ღონისძიება „საერთაშორისო კონფერენცია სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“, რომელსაც ატარებს „ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო ჟურნალი (IJAS)“, გაიმართა რომის ბრიტანულ სკოლაში (the British School at Rome, Rome, Via Gramsci 61).    
   


Thursday 30 November 2017

სასჯელი ჩაუდენელი დანაშაულისთვის

1942 წელს დაიჭირეს 805-ე პოლკის ჯარისკაცი კარლო თავბერიძე, დაბადებული 1915 წელს, მცხოვრები ჩოხატაურის რაიონის ს. ზენობანში, მას ბრალად დასდეს შემდეგი: ფაშისტური ფურცლის შენახვა სამშობლოს გაყიდვის მიზნით. მიუსაჯეს გადასახლება 10 წლით. ფურცელზე, რომლის შენახვისთვისაც გადაასახლეს ბრალდებული და რომელიც ნივთმტკიცებად აქვს საქმეს დართული, ვკითხულობთ (სტილი დაცულია):

ძ მ ე ბ ო  ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო!
    ჩვენ, თქვენი ძმები ვდგავართ გერმანულ ჯარის რიგებში, ჩვენი ქვეყნის საზღვრებზედ, თქვენ გასანთავისუფლებლად!
    შესდექით! არ ესროლოთ თქვენ ძმებს!
    გადმოდით ჩვენს მხარეზედ!
   შეაბრუნეთ იარაღი თქვენი მჩაგვრელთა წინააღმდეგ!
ქართველი ლეგიონერები

Tuesday 20 June 2017

სასტიკი სასჯელი

1941 წელს დააპატიმრეს 1904 წ. დაბადებული პეტრე ნიკონორის ძე სმირნოვი, ეროვნებით რუსი, უმაღლესი ეკონომიკური განათლებით, უფროსი ბუღალტერი აფხაზეთის #6 სამშენებლო უბანში. მას ბრალად ედებოდა შემდეგი: „ეწეოდა ანტისაბჭოთა აგიტაციას, საბჭოთა ხელისუფლების მიმართ იყო მტრულად განწყობილი, ცილს სწამებდა კომუნისტურ პარტიას, მოუწოდებდა ხალხს საბჭოთა სახელმწიფოს დამხობისაკენ. ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ 1941 წ. ივლისში, როდესაც ცხოვრება გაჭირდა, მივიდა დასკვნამდე, რომ კომუნისტური წყობა იყო მშრომელი ხალხის დამამხობელი. ამიტომ გადაწყვიტა, ებრძოლა მის წინააღმდეგ. მან შეადგინა მოწოდება საბჭოთა ხალხის მიმართ და გაგზავნა რუსეთისა და ყაზახეთის სხვადასხვა რაიონში 10 მისამართზე. ასევე შეთხზა კ/რ ხასიათის ლექსი და გაუგზავნა მწერალთა კავშირებს.
              
                              

ერთი ტრაგიკული ამბავი გრიბოედოვის თეატრიდან

ფიოდორ ვასილის ძე რადოლინ-გაუკი _ დაბადებული 1883 წელს, ქ. ლენინგრადი, იურისტი, არტისტი და რეჟისორი გრიბოედოვის სახ. თეატრში, უპარტიო, უმაღლესი განათლებით, რუსი, მცხ. თბილისში, მილიციის ქ. #19.
1941 წლის სექტემბერში დააპატიმრეს იგი, ბრალად ედებოდა ჯაშუშური საქმიანობა. სისხლის სამართლის საქმეში ნათქვამია: „იგი იყო ხელმძღვანელი გერმანული თეატრალური წრისა, რომლის საფარქვეშაც მიმდინარეობდა კ/რ ჯაშუშური საქმიანობა. აღნიშნული გერმანული დრამატული წრე ორგანიზებული იყო გერმანიის გენერალური საკონსულოს მიერ, ეწეოდა თავის წევრთა შორის კ/რ ფაშისტურ პროპაგანდას და ამზადებდა საკუთარი წევრებისგან კადრებს გერმანული დაზვერვისთვის. ამ ჯაშუშური ორგანიზაციის ორგანიზატორი და ხელმძღვანელები იყვნენ ამჟამად გამოაშკარავებული გერმანელი მზვერავები, როგორებიცაა: ფრანკე ბრუნო, ჩაკერტი, ფუფაევი, შნეიკასი, პრისმანი, გაბიხი და სხვ. 1934-35 წლებში ამ ფაშისტურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდნენ ჩაკერტი, პრისმანი და რადოლინ-გაუკი. რადოლინ-გაუკს ჰყავს ნათესავები გერმანიაში, რომლებთანაც ბოლო დრომდე ჰქონდა მიმოწერა. ამ ფაშისტური ორგანიზაციის განადგურების შემდეგ იგი ეწეოდა ძირგამომთხრელ ანტისაბჭოთა აგიტაციას გერმანიის მიერ სსრკ-ზე მუხანათურ თავდასხმასთან დაკავშირებით. იგი ამბობდა: `დამნაშავე არსებულ ომში, სსრკ-სა და გერმანიას შორის არის ჩვენი ქვეყანა (ე. ი. სსრკ) და საუბარი იმაზე, რომ გერმანია ომის გამოუცხადებლად დაესხა თავს ჩვენს ქვეყანას და რომ ეს იყო მოულოდნელი _ სიცრუეა.~ ამით რადოლინ-გაუკი იმეორებდა იმავე პროვოკაციულ განცხადებას, რომელსაც ფაშისტური გერმანიის ხელმძღვანელები, რომ ომში ნამდვილი დამნაშავე არის საბჭოთა კავშირი“.

    საქმე მოისმინეს დახურულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის, დაცვისა და მოწმეების გარეშე. 1941 წლის 21 ნოემბერს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ტრიბუნალის დახურულმა სხდომამ გამოიტანა განაჩენი:

ბრალდებული ფიოდორ ვასილის ძე რადოლინ-გაუკი ცნობილ იქნა დამნაშავედ სამშობლოს ღალატში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58/1-ა მუხლით და მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა, მთელი პირადი ქონების კონფისკაციით. 
    განაჩენი საბაოლოოა და საკასაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 

 (ფონდი #6, საარქივო #41226, ტომი #6, ყუთი #63, 
რადოლინ-გაუკი ფიოდორ ვასილის ძე)



* * *
ჩემო სიცოცხლევ დიდხანს ვატარე 
შენი პორტრეტი ჯიბით,
ვუალერსებდი, ვუფრთხილდებოდი,
დიდის კრძალვით და რიდით,
მაგრამ როდესაც წამოუქროლებს ნიავი 
და ბუჩქების ჩურჩულს უსმენ მდუმარედ,
დაფიქრებით შორს მომზირალი... 
                                        
                                                               (ლექსი ეკუთვნის პატიმარ ალექსი პაპუაშვილს)
       
          fondi #6, saarqivo #4125, yuTi #5, papuaSvili aleqsi qristefores Ze