Wednesday 14 November 2018

ანტისაბჭოთა ხელოვანი გრიგოლ კოსტავა

კოსტავა გრიგოლ ქრისტეფორეს ძე, დაბ. 1907 წელს ქ. ქუთაისში, უპარტიო, ყოფილი ფედერალისტი, ა/ს მუშაობისათვის საგანგებო კომისიის მიერ დაპატიმრებული იყო 1924 წელს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, მცხ. რუსთაველის პრ. 34-ში, საშუალო განათლებით, დაოჯახებული (მეუღლე ჯაფარიძე მედეა, 24 წლის). 

სისხლის სამართლის საქმეში ნათქვამია: იგი 1942 წელს შევიდა არალეგალურ კ/რ ფაშისტურ ორგანიზაციაში - "საქართველოს განთავისუფლების კომიტეტში". ასრულებდა პრაქტიკულ საქმიანობას აღნიშნული კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის დავალებით ორგანიზაციაში ახალი წევრების ჩასართავად, პირადად ბეჭდავდა ა/ს პროკლამაციებს გასავრცელებლად 500 ცალის ოდენობით, ადგენდა ა/ს ხასიათის ტექსტებს. ა/ს პროკლამაციებზე მუშაობისათვის იყენებდა საკუთარ ბინას, ეწეოდა ბოროტულ და ცილისმწამებლურ ფაშისტურ აგიტაციას. კ/რ ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენდა კოსტავა, მიზნად ისახავდა საბჭოთა წყობის დამხობას, გერმანულ ჯარებთან შეხვედრის ორგანიზებას და ნაციონალური ხელისუფლების ფორმირებას საქართველოში. ეს ყველაფერი მან დაკითხვისას უარყო, აღიარა მხოლოდ პროკლამაციების დაბეჭდვა. 

ბრალი დასდეს შემდეგში: 1942 წლის გაზაფხულზე გადმოიბირა ვალერიან დვალიშვილმა ა/ს ორგანიზაციაში, საკუთრივ მან გადმოიბირა ალექსანდრე მაღლაკელიძე, ადგენდა პროკლამაციებს, აპირებდა კავშირის დამყარებას ქართულ ემიგრაციასთან. ეს დანაშაული გათვალისწინებულია საქ. სსრ სსკ-ის 58.10 და 58.11 მუხლებით. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო. 

1945 წლის 1-4 აგვისტოს დადგენილებით საქ. შსსკ-ის სამხედრო ტრიბუნალმა მას მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. 1945 წლის 13 სექტემბერს წინა გადაწყვეტილება შეიცვალა 10 წლით თავისუფლების აღკვეთით. იყო განსაკუთრებულ ბანაკში #4, სადგ. ყარაბასი (ყარაგანდის რკინიგზა).  
ბანაკიდან გათავისუფლდა 1955 წლის 29 მარტს.
სსრკ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის 1956 წლის 13 მაისის განჩინებით საქმე შეწყდა და გადაეცა არქივს.  

(ფონდი #6, საარქივო #45453, ტომი #1, კოსტავა გრიგოლ ქრისტეფორეს ძე)

შალვა სოსლანის ბედი


შალვა ბესარიონის ძე სოსლანი (სოსელია), ფსევდონიმი - «Павел Иверьянов», 45 წლის, მცხ. ქ. ქუთაისში, 1941 წლის ივნისამდე ცხოვრობდა მოსკოვში სრეტენსკის ბულვარზე, საბჭოთა მწერალთა კავშირის მოსკოვის ორგანიზაციის წევრი. 
ალ. ჩაჩიკოვი მის შესახებ დაკითხვისას ამბობს: 1941 წელს როდიონ მიხეილის ძე აკულშინთან[1] ერთად საკუთარი ნებით წავიდა ფრონტზე. 1941 წლის ოქტომბერში ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს, თვე-ნახევარი იყო როსლავლის ბანაკში, მერე გაგზავნეს გერმანული პროპაგანდის სმოლენსკის განყოფილებაში. პროპაგანდის განყოფილებაში იგი მუშაობდა 1942 წლის მაისამდე. გაზეთ „ახალ გზაში“ გამოაქვეყნა მოთხრობა „არავის მიწაზე“ («на ничьей земле»). რომელშიც მოუწოდებდა საბჭოთა ხალხებს, უარი ეთქვათ გერმანელთა წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლაზე, აცხადებდა რა, რომ მხოლოდ ისინი მოუტანენ რუს ხალხს ბედნიერებას. 1942 წლის მაისში სოსლანი ჩემთვის უცნობი მიზეზებით გერმანლებმა გაგზავნეს გერმანიის ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში და მისი შემდგომი ბედის შესახებ აღარაფერი ვიცი. 


[1] მცხ. ქ. კუიბიშევში, 53 წლის, საბჭოთა მწერალთა კავშირის მოსკოვის ორგანიზაციის წევრი, იგი თავსი ნებით გადავიდა გერმანელთა მხარეს და გააგზავნეს გერმანული პროპაგანდის სმოლენსკის განყოფილებაში. იგი იყო მუდმივი თანამშრომელი გერმანელთა მიერ გამოცემული ანტისაბჭოთა გაზეთებისა „ახალი გზა“ ("Новый путь") და „ზარი“ („Колокол»).

(ფონდი 6, საარქივო 45362, ტომი 6, ყუთი 105)