Wednesday, 14 November 2018

ანტისაბჭოთა ხელოვანი გრიგოლ კოსტავა

კოსტავა გრიგოლ ქრისტეფორეს ძე, დაბ. 1907 წელს ქ. ქუთაისში, უპარტიო, ყოფილი ფედერალისტი, ა/ს მუშაობისათვის საგანგებო კომისიის მიერ დაპატიმრებული იყო 1924 წელს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, მცხ. რუსთაველის პრ. 34-ში, საშუალო განათლებით, დაოჯახებული (მეუღლე ჯაფარიძე მედეა, 24 წლის). 

სისხლის სამართლის საქმეში ნათქვამია: იგი 1942 წელს შევიდა არალეგალურ კ/რ ფაშისტურ ორგანიზაციაში - "საქართველოს განთავისუფლების კომიტეტში". ასრულებდა პრაქტიკულ საქმიანობას აღნიშნული კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის დავალებით ორგანიზაციაში ახალი წევრების ჩასართავად, პირადად ბეჭდავდა ა/ს პროკლამაციებს გასავრცელებლად 500 ცალის ოდენობით, ადგენდა ა/ს ხასიათის ტექსტებს. ა/ს პროკლამაციებზე მუშაობისათვის იყენებდა საკუთარ ბინას, ეწეოდა ბოროტულ და ცილისმწამებლურ ფაშისტურ აგიტაციას. კ/რ ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენდა კოსტავა, მიზნად ისახავდა საბჭოთა წყობის დამხობას, გერმანულ ჯარებთან შეხვედრის ორგანიზებას და ნაციონალური ხელისუფლების ფორმირებას საქართველოში. ეს ყველაფერი მან დაკითხვისას უარყო, აღიარა მხოლოდ პროკლამაციების დაბეჭდვა. 

ბრალი დასდეს შემდეგში: 1942 წლის გაზაფხულზე გადმოიბირა ვალერიან დვალიშვილმა ა/ს ორგანიზაციაში, საკუთრივ მან გადმოიბირა ალექსანდრე მაღლაკელიძე, ადგენდა პროკლამაციებს, აპირებდა კავშირის დამყარებას ქართულ ემიგრაციასთან. ეს დანაშაული გათვალისწინებულია საქ. სსრ სსკ-ის 58.10 და 58.11 მუხლებით. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო. 

1945 წლის 1-4 აგვისტოს დადგენილებით საქ. შსსკ-ის სამხედრო ტრიბუნალმა მას მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. 1945 წლის 13 სექტემბერს წინა გადაწყვეტილება შეიცვალა 10 წლით თავისუფლების აღკვეთით. იყო განსაკუთრებულ ბანაკში #4, სადგ. ყარაბასი (ყარაგანდის რკინიგზა).  
ბანაკიდან გათავისუფლდა 1955 წლის 29 მარტს.
სსრკ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის 1956 წლის 13 მაისის განჩინებით საქმე შეწყდა და გადაეცა არქივს.  

(ფონდი #6, საარქივო #45453, ტომი #1, კოსტავა გრიგოლ ქრისტეფორეს ძე)

No comments:

Post a Comment