Saturday, 16 June 2018

ემიგრანტი ქართველი ექიმის ტრაგიკული ამბავი


1943 წელს დააპატიმრეს იმჟამად ირანის მოქალაქე, 1902 წელს ს. ახალ სენაკში დაბადებული ექიმი-თერაპევტი ვიქტორ პორფირეს ძე ჟღარკავა. იგი ემიგრანტი იყო 1929 წლიდან, ცხოვრობდა და კერძო სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა ირანში.
დაპატიმრების შესახებ დადგენილებაში ნათქვამია:  

`განვიხილე რა სსსრ შსსკ-ში შემოსული მამხილებელ-დანაშაულებრივი მასალები ჟღარკავა ვიქტორ პორფირის ძისა,

ვპოვე:

ჟღარკავა ვიქტორ პორფირის ძეს 1929 წელს ჰქონდა კავშირი არალეგალურ / ორგანიზაციასთან, არალეგალურად დაარღვია საზღვარი და გადავიდა ირანში. იქ დაუკავშირდა ადრე წასულ ემიგრანტებს, შემდეგ კი `საზღვარგარეთულ მენშევიკურ ბიუროს~ პარიზში. მან მიიღო მანდატი, როგორც საქართველოს ყოფილი მენშევიკური ხელისუფლების წარმომადგენელმა და მათივე დავალებით დააფუძნა ირანში `ეროვნული კომიტეტი~, რის შემდეგაც შეუდგა აქტიური / ჯაშუშური საქმიანობის განხორციელებას სსრკ-ის წინააღმდეგ. იგი გამოგზავნეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სპეციალური / დავალებით, ასევე იყო დაკავშირებული უცხოური დაზვერვის წარმომადგენლებთან.
ეჭვმიტანილია დანაშაულში, რომელიც გათვალისწინებულია საქ. სსკ-ის 58-1 და 58-11 მუხლებით.~    

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მას ბრალად დასდეს სამშობლოს ღალატი, რაც გამოიხატა 1929 წელს სამშობლოდან გაქცევითა და ანტისაბჭოთა საქმიანობით, კერძოდ, იგი ასრულებდა ემიგრაციული ცენტრის კონტრრევოლუციურ დავალებებს საქართველოს ტერიტორიაზე. ჟღარკავა ვიქტორ პორფირეს ძის ბრალი ჩაითვალოს დამტკიცებულად და მიესაჯოს 20 წელი შრომა-გასწორების კოლონიაში. აღნიშნული ბრალდება განიხილა სსრკ შსსკ სასამართლომ და ბრალდებულს სასჯელი 10 წლით შეუმცირა.

მოგვიანებით მის მეუღლეს მოუთხოვია საქმის გადახედვა, საქმეს გადახედეს, მაგრამ განაჩენი ძალაში დატოვეს. 
(ფონდი #6, საარქივო #43635-07, ტ. #4, ყუთი #142, ჯღარკავა ვ. პ.)

No comments:

Post a Comment