Monday 4 February 2019

მირიან აბულაძე

მირიან აბულაძე - ქართველი პოეტი,  ლიტერატურათმცოდნე. დაიბადა  1921 წლის  7 აპრილს ყვარელში. თბილისის  23-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1939 წელს იგი მისაღებ გამოცდებს  აბარებს  პოლიტექნიკურ  ინსტიტუტში, თუმცა ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად გადადის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1945 წელს ხდება პროფ. აკაკი ურუშაძის ასპირანტი. 1947 წელს მეგობრულ სუფრაზე კითხულობს ლექსს, რომლის შინაარსი იმდენად შეურაცხყოფს ერთ-ერთ თანამეინახე ქალიშვილს (შემდგომში ცნობილ ისტორიკოსს), რომ იგი, გამოიჩენს რა იდეოლოგიურ სიფხიზლეს, საეჭვო დეკლამატორის შესახებ შესაბამის ორგანოებს აცნობებს. მირიან აბულაძე მალევე ,,აიყვანეს“ და 10 წლით პატიმრობაც მიუსაჯეს (ერთი წელი მან ორთაჭალის ციხეში დაჰყო, 4 წელი  კატორღაში - შორეულ ციმბირში, ხოლო დანარჩენი - კი მიმაგრებაში, კრასნოიარსკის სოფელ რაზდოლნიაში). 
გადასახლებაში მ. აბულაძე ქორწინდება ლატვიელ გენია აუგაიტიტეზე, რომელიც თავის ოჯახთან ერთად ასევე პატიმრობაში იმყოფებოდა. მათ იქ შეეძინათ ქალიშვილი ნანა  (რეგინა), თუმცა 1955 წელს, როდესაც ბელადის გარდაცვალების შემდეგ საყოველთაო ამნისტია გამოცხადდა, მამას თბილისში დაბრუნება პატარა გოგონასთან ერთად, მეუღლის გარეშე, მოუწია. რომ არა გ. ლეონიძის ჩარევა, რომელმაც შუამდგომლობა სთხოვა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და უმაღლეს სამთავრობო წრეებთან დაახლოებულ მწერალს, მიხეილ შოლოხოვს, დედა-შვილის შეხვედრა და ოჯახის გაერთიანება რამდენიმე წლით დაიგვიანებდა. ქალბატონი გენია თბილისში 1956 წელს, 5  წლით ქალაქიდან გაუსვლელობის პირობით,  ჩამოვიდა.
სწორედ ამ წლის მარტში თბილისში გაიმართა პროსტალინური მანიფესტაციები, მ. აბულაძეც და მისი მეუღლეც  ამ  გამოსვლებს, როგორც მოსალოდნელი იყო, გულგრილად შეხვედრიან. 1959 წელს იბეჭდება მ. აბულაძის პოეტური კრებული ,,აპრილის ხმები“ (რედ. ს. ჩიქოვანი). მალევე მ. აბულაძემ მუშაობა დაიწყო ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში და 1961 წელს გამოსცა კიდეც პირველი გამოკვლევა რეპრესირებული და სულ რამდენიმე წლის წინ რეაბილიტირებული პოეტის, ტიციან ტაბიძის, შესახებ (,,ტიციან ტაბიძის პოეზია“). აღნიშნულ ნაშრომს მოჰყვა ,,ლიტერატურულ მიმდინარეობათა  ისტორიიდან  მეოცე საუკუნის  ქართულ მწერლობაში“ (1977).  მ. აბულაძემ ამ უნიკალურ ნაშრომში პრაქტიკულად ,,სამოციანელებად“ წოდებული მთელი შემოქმედებითი თაობის სათქმელი გამოხატა - ქართული სიმბოლიზმი  XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.
მ. აბულაძე 1987 წელს თბილისში  გარდაიცვალა.

No comments:

Post a Comment